Friday, May 28, 2010

ბოროტების იმპერია


ძველი ღმერთები და აზეროტის მოწესრიგება [რედაქტირება]

სარგერასის გადაწყვეტილების შესახებ კი ტიტანებმა ჯერ არაფერი იცოდნენ და მშვიდად აგრძელებდნენ თავიანთ მარადიულ შრომას. გადადიოდნენ ერთი მსოფლიოდან მეორეში, მიჰქონდათ ნათელი და წესრიგი ქაოსითა და წყვდიადით მოცულ მხარეებში. და აი, ერთხელაც, მათ გზაზე აღმოჩნდა პატარა, არაფრით გამორჩეული მსოფლიო, რომელსაც მისი მცხოვრებლები მომავალში აზეროტს დაარქმევენ. ადგილობრივ ძალებს ტიტანთა გამოჩენა დიდად არ გახარებიათ. ისინი მტრულად იყვნენ განწყობილნი მოსულთა მიმართ და ეთაყვანებოდნენ ბოროტ არსებებს, რომელთაც ჩვენ ძველი ღმერთების სახელით ვიცნობთ. მათ დაიფიცეს, რომ უკუაგდებდნენ ტიტანებს და დაიცავდნენ თავიანთ მხარეს დამპყრობელთა ლითონური შეხებისაგან.

ძველი ღმერთების ბოროტება მიუღებელი იყო პანთეონისათვის და მან დაუყოვნებლივ გამოუცხადა ომი ადგილობრივებსა და მათ ბნელ მბრძანებლებს. ძველმა ღმერთებმაც არ დაახანეს და თავიანთი არმიები დაძრეს მოსულთა წინააღმდეგ. აზეროტელებს უძლიერესი ბელადები, ელემენტთა მბრძანებლები - რაგნაროსი, ტერაზანი, ალ’აკირი და ნეპტულონი მიუძღოდნენ. ქაოსის ძალები აღიმართნენ ველებზე და ტიტანთა ძლიერებას შეერკინნენ. მიუხედავად მთელი თავისი ძალოვანებისა, ძველი ღმერთები უძლურნი იყვნენ ყოვლისშემძლე მომხდურთა წინაშე. ზედიზედ ეცემოდნენ აზეროტელთა წინამძღოლნი და ტიტანებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს.

პანთეონელებმა დააქციეს ძველი ღმერთების ციხესიმაგრეები და ოთხი ბოროტი ღვთაება მსოფლიოდან მოშორებით მიაჯაჭვეს. მეთაურთა გარეშე დარჩენილი ელემენტთა მბრძანებლები უფსკრულებში ჩაამწყვდიეს სადაც მათ სამარადჟამოდ უწერიათ ერთმანეთთან ბრძოლა. ამის შემდეგ აზეროტის ბუნება დამშვიდდა და მსოფლიოში ჰარმონიამ დაისადგურა. ტიტანებმა გადაწყვიტეს, რომ საშიშროებამ იკლო და საქმეს შეუდგნენ.

ტიტანებმა რამდენიმე რასა შექმნეს, რომლებსაც მათთვის დახმარება უნდა გაეწიათ აზეროტის მშენებლობაში. მიწისქვეშა მღვიმეებისა და გამოქვაბულებში დამხმარეებად, მაგიური ქვებისაგან, შექმნეს დვორფების რასა. ზღვების მეთვალყურეებად უზარმაზარი, მაგრამ კეთილი ზღვის გოლიათები შექმნეს. მრავალი წლის მანძილზე ძერწავდნენ და ქმნიდნენ ტიტანები დედამიწას და ბოლოს ერთ სრულყოფილ კონტინენტად შეკრეს იგი, ხოლო გარშემო უკიდეგანო ოკეანე შემოარტყეს. კონტინენტის შუაგულში კი მბრწყინავი და მოციმციმე, ჯადოსნური ძალებით აღსავსე ტბა შექმნეს, რომელსაც მარადისობის ჭა(well of eternity) ეწოდა. იგი გახლდათ სიცოცხლის წყარო ამ მსოფლიოსათვის. მისი ძალა ზრუნავდა მიწის ძვლებზე და ეხმარებოდა სიცოცხლეს ფესვების გადგმაში. მალე ბუნების სიუხვით იყო მოცული მთელი პირველყოფილი კონტინენტი და სილმაზე ყვაოდა ირგვლივ. და როდესაც მათი შრომის ბოლო დღეც მიიწურა, ტიტანებმა ამ კონტინენტს "კალიმდორი", ანუ ვარსკვლავთა მარადიული ნათების მიწა უწოდეს.

წყარო: ka.wikipedia

No comments:

Post a Comment